logo
ENG



წულუკიანი: ანიტა ანიტაა, რაც უნდა, იმას იტყვის, მე "პატიმარი" ვარ, მან FB-ზე "გამასამართლა"

25 მარ 202119:05
3 წუთის საკითხავი
 
2021/03/25/tda66gl991n1m5g.jpeg

კულტურის ახლადდანიშნული მინისტრი თეა წულუკიანი ქართველ მეცო-სოპრანოს, ანიტა რაჭველიშვილს გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ "სანამ წულუკიანი მინისტრი იქნება, საქართველოში, საოპერო დადგმებში მონაწილეობას არ მიიღებს".

როგორც წულუკიანმა აღნიშნა, დასანანია, თუ მისი მინისტრობის გამო რაჭველიშვილი ქართველ მსმენელს საკუთარი შემოქმედების გაზიარებაზე უარს ეუბნება. 

"ანიტა ანიტაა, რაც უნდა, იმას იტყვის, მაგრამ მან არ იცის, რომ მე არ ვარ კულტურის მინისტრი. მე ვარ N5 ქალთა კოლონიის პატიმარი, რადგან როცა ვიყავი იუსტიციის მინისტრი, ქალბატონმა ანიტამ Facebook-ზე “გამასამართლა“ და “ჩამსვა ციხეში“. იმის მერე, „ვიხდი სასჯელს“. ეს ხუმრობით. ასევე, საკანში მყავს სალომე ზურაბიშვილი, რომელიც, ასევე, Instagram-ზე თუ რომელიღაც სხვა ქსელში, ქალბატონმა ანიტამ გაასამართლა და ისიც ჩასვა ციხეში“. რატომღაც ქალბატონ ანიტას, არ უყვარს ქართველი პოლიტიკოსი ქალები, ან - უყვარს, მაგრამ ჩვენ არ ვუყვარვართ.

ეს არც დასაძრახია, არც შემაშფოთებელი, ნორმალური პროცესია. ეს ჩემთვის პრობლემა არ არის. ისინი ილაპარაკებენ იმას, რაც უნდათ, მაგრამ საზოგადოება თვითონ გადაწყვეტს, რა არის სწორი და რა - არა. თუ შენ ხარ ამ დონის ხელოვანი და ქართველებს ეუბნები, რომ ვიღაც მინისტრი არ მომწონს და ჩემს შემოქმედებას არ გაზიარებ, ეს მინიმუმ, დასანანია. მინისტრი დღეს არის და ხვალ არ იქნება. ანიტას, პაატას [ბურჭულაძე] თუ სხვების შემოქმედება საუკუნეებს დარჩება", - განაცხადა თეა წულუკიანმა "რადიო იმედის" ეთერში.

ცნობისთვის, მეცო-სოპრანო ანიტა რაჭველიშვილმა 23 მარტს განაცხადა, რომ საქართველოში, საოპერო დადგმებში მონაწილეობას აღარ მიიღებს მანამ, სანამ კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი იქნება.

ამით იგი წულუკიანის განცხადებას გამოეხმაურა, "განსხვავებული აზრის" მქონე მსახიობებზე. კერძოდ, წულუკიანმა პოსტტივის ეთერში თქვა, რომ თუ, მაგალითად, თეატრში არის მსახიობი, რომელიც თავის აზრს გამოთქვამს, "შეეცდება გაიგოს, საიდან მოდის მათი განსხვავებული აზრი".


close დახურვა